ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე დანარჩენი 17 ერთად, იმავე რეგულაციებით და იგივე მაკროგარემოში - ეკონომისტი
ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე დანარჩენი ჩვიდმეტი ერთად, იმავე ბაზარზე, იმავე რეგულაციებით და იმავე მაკროგარემოში, - ამის შესახებ ეკონომისტები ნიკოლოზ ალავიძე და ზაზა ბროლაძე ბლოგში „ორი ბანკის დუუმვირატი — საქართველოს საბანკო კონცენტრაცია და მისი ეკონომიკური ფასი“ წერენ.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მათი ანალიზის მთავარი საკითხი ბანკების მიერ მიღებული მოგების აბსოლუტური ოდენობა კი არა, მომგებიანობის ასეთი განსხვავებაა.
„ორი უმსხვილესი ბანკი აქტივების დაახლოებით 75% ფლობს და მოგების 87.9% გამოიმუშავებს; დანარჩენი ჩვიდმეტი აქტივების დაახლოებით 25% და მოგების დაახლოებით 12%. ერთ ლარ აქტივზე გადაანგარიშებით, ორი დიდი ბანკის მომგებიანობა დანარჩენებისას დაახლოებით 2.4-ჯერ აღემატება.
სწორედ ეს სხვაობა და არა თავად კონცენტრაციის დონე ითხოვს ახსნას. დიდი ბანკი დიდ მოგებას რომ იღებს, ბუნებრივია და აქ კითხვა არ არსებობს. კითხვაა: რატომ იღებს ის აქტივის ყოველ ლარზე 2.4-ჯერ მეტს, ვიდრე მისი კონკურენტები იმავე ბაზარზე, იმავე რეგულაციებით და იმავე მაკროგარემოში“, - წერენ ნიკოლოზ ალავიძე და ზაზა ბროლაძე.
ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ ბანკების მაღალი მომგებიანობის ნაწილს შეიძლება ლეგიტიმური ეკონომიკური მიზეზები ჰქონდეს. მათ შორისაა ფინანსური რესურსის ღირებულება და ქვეყნის რისკიანობა. კვლევის მიხედვით, მსხვილი ქართული ბანკების კაპიტალის უკუგება ადგილობრივი ბიზნესიდან 24-32%-ის ფარგლებშია, მაშინ როდესაც ევროკავშირსა და აშშ-ში ეს მაჩვენებელი 10-12%-ს შეადგენს.
კვლევაში განხილულია ბანკების ხარჯების თანაფარდობაც შემოსავალთან. ავტორების თანახმად, საქართველოში ეს მაჩვენებელი 34%-ია, ევროპაში კი — 53%. თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ დაბალი თანაფარდობა ავტომატურად უფრო მაღალ ეფექტიანობას არ ნიშნავს: „ხარჯის დაბალი თანაფარდობა შემოსავალთან ხშირად ეფექტიანობის მტკიცებულებად მოჰყავთ, სინამდვილეში კი ის შემოსავლის სიმაღლის შედეგია“.
ალავიძე და ბროლაძე წერენ, რომ არსებული მონაცემებით შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, მომგებიანობის სხვაობის რა ნაწილი აიხსნება ლიკვიდობის მართვითა და ბიზნესის შემადგენლობით და რა ნაწილი შეიძლება უკავშირდებოდეს საბაზრო ძალაუფლებას. მათი შეფასებით, ამ კითხვაზე პასუხისთვის საჭიროა საბანკო პროდუქტების ფასებისა და ბაზრის კონცენტრაციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მაღალი მოგება თავისთავად კონკურენციის დარღვევას არ ადასტურებს. მათი მთავარი მოთხოვნა გამჭვირვალობაა — საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მონაცემები, რომლებიც საშუალებას მისცემს გაარჩიოს ეფექტიანობის შედეგი საბაზრო ძალაუფლების შესაძლო შედეგისგან.
