რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა – საქართველოში იმპორტის 99.9% რუსეთზე მოდის
რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა. გადაწყვეტილება 26 ნოემბერს მიიღეს. რუსეთის ხელისუფლების განმარტებით, შეზღუდვის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე სასურსათო სტაბილურობის შენარჩუნებაა.
სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 4 353 300 აშშ დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა. აქედან 4 348 300 დოლარის პროდუქტი რუსეთიდან იყო იმპორტირებული, რაც მთლიანი იმპორტის 99.9%-ს შეადგენს.
ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე: სომხეთზე, ბელარუსზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზე. გამონაკლისი დაშვებულია ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის. შეზღუდვა არ შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებასა და მთავრობათაშორისი შეთანხმებებით გათვალისწინებულ მიწოდებას.
2026 წელს რუსეთში წიწიბურა დაახლოებით 708 ათას ჰექტარზე დათესეს, რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რუსეთის მთავრობას წიწიბურას ექსპორტზე შეზღუდვა 2021 წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდშიც ჰქონდა დაწესებული. მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება ქართულ ბაზარზე გავლენას არ მოახდენდა, რადგან საექსპორტო შეთანხმებები საქართველოს წიწიბურას სხვა ბაზრებიდან შემოტანის შესაძლებლობას აძლევდა.
რუსეთის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
