საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება 2027 წელს არის მოსალოდნელი - Galt&Taggart
საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს მხოლოდ ერთი საფეხური აშორებს – ამის შესახებ „გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა თითქმის ოთხჯერ სწრაფად იზრდება, ხოლო სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად დაბალია.
ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასებით, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგს მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორთან დაკავშირებული სისუსტეები აფერხებდა, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და საერთაშორისო რეზერვების შედარებით დაბალი მოცულობა. თუმცა, 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების მიუხედავად სტაბილურობა შეინარჩუნა.
„გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს BB+-მდე 2027 წლის მეორე ნახევარში გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა. ანგარიშის შეფასებით, რეიტინგის გასაზრდელად საჭირო პირობების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. „გალტ & თაგარტი“ არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, ქვეყანამ საინვესტიციო რეიტინგს სტანდარტულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
