თბილისში 530 საცხოვრებელი პროექტი შენდება, ბაზარზე ბინების რაოდენობა 88 000-ს აღწევს - Colliers Georgia
2026 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, თბილისში 530 საცხოვრებელი პროექტი მიმდინარეობს, რომელთა საერთო ფართობი 5.7 მლნ კვადრატულ მეტრს, ბინების რაოდენობა კი დაახლოებით 88 000-ს შეადგენს. Colliers Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე პროექტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 80%-ით არის გაზრდილი.
როგორც უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე კომპანიის კვლევებისა და მონაცემთა სერვისის ხელმძღვანელმა მარიამ ასათიანმა განაცხადა, ბაზარზე ბინების გაყიდვის დინამიკა სტაბილურია. მისი თქმით, გასაყიდი ბინების დაახლოებით 30% მშენებლობის დაწყებამდე იყიდება, 30%-ზე ოდნავ მეტი – მშენებლობის პროცესში, დანარჩენი კი პროექტის დასრულების შემდეგ.
ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახალ პროექტებში შეძენილი ბინების 17% მფლობელებს პირველივე წელს ხელახლა გააქვთ გასაყიდად.
Colliers Georgia-ში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად თბილისის მოსახლეობის ზრდას ასახელებენ. საქსტატის 2014 და 2024 წლების აღწერების შედარებით, ბოლო 10 წელიწადში დედაქალაქის მოსახლეობა 20%-ით, დაახლოებით 223 000 ადამიანით გაიზარდა.
ასათიანის ინფორმაციით, მოსახლეობის ზრდის დაახლოებით 80% სამგორზე, საბურთალოზე, დიდ დიღომსა და გლდანზე მოდის, რაც ამ უბნებში საცხოვრებელი პროექტების აქტიურ მშენებლობას ემთხვევა. მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი რაიონი სამგორია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნები კი მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი და ისანია.
კომპანიის მონაცემებით, თბილისში ბინების ტრანზაქციებში უცხოელების წილი 12%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6% იყო. რაოდენობრივად უცხოელი მყიდველები ბინებს ყველაზე ხშირად საბურთალოსა და დიდ დიღომში იძენენ.
