ცხინვალი აცხადებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით თბილისის მიერ დაკავებულ ახალგორელს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
ახალგორელ თამაზ გოლოევს, რომელიც აპრილში საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუსობის ბრალდებით დააკავა, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინება „ქართულ მხარის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
27 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ აღნიშნა, რომ თბილისმა ცხინვალს განაჩენის შესახებ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით აცნობა.
„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მოქალაქე თამაზ გოლოევის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად აბსურდულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, – ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თბილისმა „ყველაფერი გააკეთა“, რათა „ხელი შეეშალა გოლოევის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის“.
ცხინვალის საგარეო უწყების ინფორმაციით, გოლოევზე „უდავოდ“ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მას არ ჰქონდა ადვოკატებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან წვდომა. განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელმაც, „მისი უახლოესი ნათესავების არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არანაირი ქმედითი ზომა არ მიიღო“.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე პროტესტს საქართველოში ეთნიკური ოსების დევნის, მათი სტიგმატიზაციისა და შემდგომ დახურული საჩვენებელი სასამართლო პროცესების აღმაშფოთებელი ფაქტის გამო და გოლოევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც „უდავო მტკიცებულება საქართველოს ნამდვილი დამოკიდებულებისა ეთნიკური ოსებისა და იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც უცვლელი რჩება [ნოე] ჟორდანიას, [ზვიად] გამსახურდიასა და [მიხეილ] სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების დროიდან მოყოლებული“. ამასთანავე, მათ მოუწოდეს „ყველას“, თავი შეიკავონ „ოსების მიმართ მტრულად განწყობილ“ ტერიტორიაზე ვიზიტისგან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავებისა და კიდევ ორი პირის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია 22 აპრილს გაავრცელა . მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული პირი ახალგორის მკვიდრი 27 წლის გოლოევია.
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება. ამასთან, ეჭვმიტანილს დავალებული ჰქონდა მოეგროვებინა ინფორმაცია საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, „მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ“.
ცხინვალის წარმომადგენლებმა გოლოევის საკითხი არაერთხელ დააყენეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.
