
უკრაინამ რუსეთის ციხის ექიმს ტყვეების წამებისა და სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წაუყენა
OCCRP-ის [ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი] ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი რუსეთის ციხის ექიმსა და მის თანამზრახველ პატიმარს ომის დანაშაულებში. ბრალდებაში დეტალურადაა აღწერილი უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული წამების, სექსუალური ძალადობისა და სამედიცინო ძალადობის სასტიკი კამპანია.
ეს მოჰყვა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ გამოძიებას, რომელიც ჩაატარეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, OCCRP-მ და Schemes-მა. გამოძიებამ გამოავლინა სისტემური ძალადობა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიაში №7 (ИК-7).
Schemes-ის ჟურნალისტებმა თავიანთი აღმოჩენები უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს, რაც გამომძიებლებს ბრალდებულთა იდენტიფიცირებაში დაეხმარა. ჟურნალისტური გამოძიება ეფუძნებოდა დაახლოებით 50 ტყვესთან ჩატარებულ ინტერვიუს. ეს ადამიანები კოლონიიდან 2024 წლიდან 2026 წლის მაისამდე დაბრუნდნენ. რამდენიმე გადარჩენილმა დაასახელა ციხის ექიმი, რომელსაც ისინი მეტსახელად "კონოვალს" ეძახდნენ. ჟურნალისტური გამოძიებით ექიმი 48 წლის ვიაჩესლავ ჩერდანცევაა.
ყოფილმა პატიმრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ჩერდანცევი ავადმყოფ პატიმრებს მედიკამენტებზე უარს ეუბნებოდა, აიძულებდა მათ ტანსაცმლის სრულად გახდას და დამამცირებელ სამედიცინო შემოწმებებს უტარებდა, ასევე აიძულებდა მათ სექსუალური ხასიათის მოქმედებების იმიტაციას, რაც მცველების გასართობად გამოიყენებოდა. ერთ-ერთმა პატიმარმა, 23 წლის საზღვაო ქვეითმა პავლო პოლოვოიმ, ციხეში თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ, რაც მას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები ოფიციალურად ადანაშაულებს ჩერდანცევს, რომელიც რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელია, ასევე მის თანამზრახველს - 29 წლის რუს პატიმარ იაროსლავ კირილოვს. ორივე მათგანს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით - სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სასტიკ მოპყრობაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჩერდანცევი სამედიცინო თანამდებობას იყენებდა უკრაინელი ტყვეების ნების გასატეხად და ცდილობდა ტყვეებს იძულებით რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის გამართლება მოეძებნათ.
ძალადობის დეტალური აღწერით, ბრალდების დოკუმენტებში ჩამოთვლილია 2022-2025 წლებში ჩადენილი მრავალი სავარაუდო დანაშაული. უწყების ცნობით, ჩერდანცევი პატიმრებს, რომლებიც სამედიცინო განყოფილებაში მიდიოდნენ, დახმარების ნაცვლად ხშირად სცემდა ან მცველებსა და სხვა პატიმრებს, მათ შორის კირილოვს, მათ ცემას ავალებდა. ერთ-ერთ შემთხვევაში, ჩერდანცევმა, სავარაუდოდ, პატიმარს ფრჩხილი ძალით მოაძრო პინცეტით - ანესთეზიისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, როდესაც ტყვეებს შორის ქეცის ეპიდემია გავრცელდა, ექიმმა და ციხის ადმინისტრაციამ განზრახ მოათავსეს ინფიცირებული პატიმრები ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად გადატვირთულ საკნებში, რათა დაავადება გავრცელებულიყო.
უკრაინული მხარის განცხადებით, "დასჯის" მიზნით ჩერდანცევმა ავადმყოფ პატიმრებს ექვს კვირამდე ჩამოართვა ტანსაცმელი და პირადი ნივთები. შიშველი პატიმრები აიძულეს, ყინვაში მდგარიყვნენ, ცივი შხაპი მიეღოთ და ციხის დერეფნებში ერბინათ, სადაც მცველები აიძულებდნენ მათ საშხაპესთან რიგში სხეულებით ერთმანეთზე მჭიდროდ მიბჯენილიყვნენ.
დოკუმენტებში ასევე აღწერილია სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები. 2023 წლის შუა პერიოდში ჩერდანცევმა და კირილოვმა, სავარაუდოდ, ციხის ბიბლიოთეკაში უკრაინელი სამხედრო ტყვე კუთხეში მოიმწყვდიეს. მას შემდეგ, რაც პატიმარმა ექიმის მოთხოვნაზე - სექსუალურ აქტში მონაწილეობაზე უარი თქვა, ორივე მამაკაცმა იგი სასტიკად სცემა და გატეხილი სკამის ფეხით სექსუალურად იძალადა მასზე. მოგვიანებით კირილოვმა საკანში კიდევ ერთი რუსი პატიმარი შეიყვანა და უბრძანა მას უკრაინელი ტყვე გაეუპატიურებინა. ბრალდების თანახმად, წინააღმდეგობის გაწევისას კირილოვმა მსხვერპლს სცემა.
უკრაინელი გამომძიებლების მიერ აღწერილ სხვა სექსუალური დამცირების შემთხვევებში ნათქვამია, რომ ჩერდანცევი იყენებდა "ზელიონკას" ავადმყოფი პატიმრების სასქესო ორგანოებსა და სხეულებზე, ასევე სახეებზე, უხამსი და სექსუალური შინაარსის წარწერების დასახატად.
ბრალდებული ექიმი ყირგიზეთში, არასრულწლოვანთა კოლონიაში მედდად მუშაობდა. 2013 წელს ის რუსეთში გადავიდა, მიიღო მოქალაქეობა და 2015 წელს დაიწყო მუშაობა IK-7-ის კოლონიაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ IK-7-ში განხორციელებული ძალადობა იყო რეპრესიული სისტემის ნაწილი. ოფიციალურ დოკუმენტებში თანადამნაშავეებად დასახელებული არიან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და ოპერატიული თანამშრომელი გ.რ. შვეცოვი, რომლებიც, გამოძიების მიხედვით, ქვეშევრდომებს უკრაინელი ტყვეების წამების უფლებას აძლევდნენ იმ პირობით, რომ ძალადობას თვალსაჩინო კვალი არ უნდა დაეტოვებინა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge