
აშშ-ს იერიში ირანზე მეშვიდე ღამეა გრძელდება
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ ირანს ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევიდან მეშვიდე ღამეა თავს ესხმის. წინა კვირას, დონალდ ტრამპმა დროებით შეთანხმებას "დასრულებული" უწოდა და ირანის ლოგისტიკურ და სამხედრო ინფრასრტრუქტურას შეუტია.
აშშ-ის Centcom აცხადებს, რომ "დაარტყეს სათვალთვალო პუნქტებს, სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, იარაღის მიწისქვეშა საცავებს და საზღვაო ობიექტებს".
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა გააზიარა კადრი, სადაც ჩანს დარტყმის შედეგად ჩაბაჰარის პორტში მდებარე საკონტროლო კოშკის ჩამონგრევა. Centcom-ის განმარტებით, ეს კოშკი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო თვალთვალის ქსელის ნაწილი იყო.
ცნობისთვის, შეთახმება რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ივნისში ამოქმედდა, დაირღვა, როდესაც ირანი ორ ნავთობის ტანკერს დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად, აშშ-მა ირანის სტრატეგიული, სამხედრო და სადაზვერვო ინფრასტრუქტურის დაბომბვა განაახლა. ირანი, საპასუხოდ, მოსაზღვრე ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზებს ურტყამს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, ირანის თავდასხმები დაადასტურეს კატარში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. უკანასკნელი თავდასხმების შესახებ, ქუვეითი აცხადებს, რომ ირანმა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და წყლის გამტკნარების ქარხანას დაარტყა. იორდანიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 10 ირანული რაკეტა მოიგერია.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსანმა და უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ, აშშ "ფართომასშტაბიანი შეტევის" შესახებ გააფრთხილა, თუკი ის ირანზე სამხედრო იერიშებს მომდევნო დღეებში განაგრძობს. რეზაიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა ფინანსურად უნდა აანაზღაუროს ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანი.
აშშ-მა უარყო თეირანის განცხადებები, რომ ამერიკამ ირანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს, რკინიგზის სადგურსა და აეროპორტს დაარტყა.
საჰაერო იერიშები რამდენიმე საათის შემდეგ, ირანის დროით დაახლოებით ღამის 5:00 საათზე შეწყდა.