
სასტუმრო ინციდენტზე: ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით
თელავში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე სასტუმრო "აგარანის მამული" განცხადდებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიეცათ მითითება, არ დაეშვათ საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის უშუალო კონტაქტი, მაგრამ ინციდენტის თავიდან არიდება ვერ მოხდა.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასტუმრო „აგარანის მამულის“ სახელით გვსურს, 18 ივლისს მომხდარ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.
ვაცნობიერებთ აღნიშნული ინციდენტით საზოგადოებაში გამოწვეულ ძლიერ ემოციებს. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეალობის მიმართ სასტუმროს ადმინისტრაციის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და უცვლელია. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების უპატივცემულობა.
18 ივლისს სასტუმროს ტერიტორიის ნაწილი, განთავსების მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი, დათმობილი ჰქონდა საქორწინო ღონისძიებას. აღნიშნულ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, ხოლო სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში საქორწინო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ.
დაახლოებით 20:16 საათზე საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქორწილის სტუმრები იყურებიან სასტუმროს ზედა სართულების მიმართულებით და მიუთითებენ გარკვეულ გარემოებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი.
ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს პერსონალი და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და ეცადა კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას.
20:20 საათზე, სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წუთში, სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ შესაბამის სტუმრებთან ნომერში. ისინი 20:26 საათამდე იმყოფებოდნენ სტუმრებთან და ცდილობდნენ ვითარების განმუხტვასა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.