
თურქეთი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის დიდი პარტიის გადაცემას გეგმავს
თურქეთი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის დიდი პარტიის გადაცემას გეგმავს, მათ შორის 12 M270 MLRS-ის სარაკეტო სისტემის, 70 ATACMS-ის რაკეტისა და ათიათასობით საარტილერიო ჭურვის. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ შეტყობინებებშია მოცემული.
კონგრესის ჩანაწერის მიხედვით, თურქეთი უკრაინისთვის გადასაცემად ითხოვს:
12 ერთეულ M270 MLRS-ს — HIMARS-ის მსგავს, თუმცა მუხლუხოებზე განთავსებულ ზალპური ცეცხლის სისტემებს; 2 524 M26 ტიპის 227-მმ რაკეტას, კასეტური საბრძოლო ნაწილით; 47 000 M509A1 ტიპის 203-მმ კასეტურ საარტილერიო ჭურვს; 70 M39 ATACMS-ის ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტას.
ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ჩანაწერში 6 აგვისტოს გამოქვეყნდა, თურქულმა და უკრაინულმა მედიამ კი ამის შესახებ 8 აგვისტოს გაავრცელა.
აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ამერიკული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის ხელახლა გადაცემას ვაშინგტონის თანხმობა სჭირდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ორივე შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მთავრობა მზად არის, აღნიშნულ გადაცემას თანხმობა მისცეს, პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ფაქტორებისა და შეიარაღებაზე კონტროლის მოთხოვნების გათვალისწინებით.
M39 ATACMS-ის პირველი თაობის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებია, რომლებიც M270 და HIMARS-ის ტიპის გამშვები სისტემებიდან იშვება. ATACMS-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის მოქმედების რადიუსი 70-დან 300 კილომეტრამდე აღწევს.
შემოთავაზებული გადაცემის შესახებ კონგრესისთვის შეტყობინება 3 აგვისტოს გაიგზავნა, ხოლო იარაღის გადაცემა, დოკუმენტის მიხედვით, კონგრესის შეტყობინების პროცედურის დასრულებისთანავე შეიძლება განხორციელდეს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge