
რადიო თავისუფლება: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა
რადიო თავისუფლებასთან კომპანია „სოლიდუსის" მფლობელმა გიორგი არველაძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.
გიორგი არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე, რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, "აფხაზ პარტნიორებს" მიაწოდა.
"ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის", - აცხადებს გიორგი არველაძე.
მისივე თქმით, საწვავი "ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის" არის განკუთვნილი.
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბენზინი თბილისიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ბიზნესმა შეიტანა.
"კი (ფაქტი დადასტურებულია) ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. გავიმეორებ, თუკი ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ", - განაცხადა მან.
მოგვიანებით, აფხაზური საინფორმაციო სააგენტო Аппсныпресс-ს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ განუცხადა, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიიდან საწვავი შევიდა, რასაც მათივე თქმით, "ხელი არ შეუშალეს".
ფორმულა
წყარო: formulanews.ge