
კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში
ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ წლების წინ ჰესთან დაკავშირებული პროტესტი "პირდაპირი საბოტაჟი" იყო.
ის ამტკიცებს, რომ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ "კონკრეტულ NGO-ებს გლობალური ომის პარტია აფინანსებდა".
ირაკლი კობახიძის შეფასებით, "მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი" და საბოლოო ჯამში, "ამან განაპირობა ის, რაც მოხდა".
"იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. დღეს ვსაუბრობდი სწორედ ამბიციურ გეგმებზე, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი ჩვენი გეგმის თანახმად. უნდა აშენდეს საშუალო და მცირე ჰესები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა.
დღეს უკვე აგენტურა არის ბევრად უფრო დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო - ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც განვითარდა რამდენიმე წლის წინ, უცხოური აგენტურის ინიციატივით, ვეღარ განვითარდება დღეს. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას.
სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა ეს არის მოცემულობა. სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით, დანარჩენი დეტალები გაირკვევა. კიდევ ერთხელ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ჩართული იყო, მათ შორის კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული არაერთი NGO ამ პროტესტში. ვინ აფინანსებდა ძალიან კარგად იცით ამ NGO-ებს, აღარ მინდა, დეტალებში შევიდე. ვისაც ვეძახით ჩვენ Deep State-ს, გლობალურ ომის პარტიას, ზუსტად ეს წყაროები იდგა კონკრეტული NGO-ების და სხვა ძალების უკან.
შეიძლება ყოფილიყო ასეთი [რუსული] წყაროებიც, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, მაგალითად კონკრეტული NGO-ები საიდან ფინანსებოდა. შეიძლება იმპორტიორ კომპანიებს ჰქონოდათ კონკრეტული ინტერესი, ლოგიკური ინტერესი, რომ დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია. ეს არის ცალკე საკითხი და ამაში თქვენც შეგიძლიათ გაერკვეთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო იყო შესაბამისად ბევრად უფრო სუსტი. დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი. შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ.
რაც შეეხება გადახდას, სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე. კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ალტერნატივაზე ვიფიქროთ, ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ", - თქვა მან.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ქართული ოცნების ხელისუფლება კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს $383 მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადახდილ კვარტალზე. ამ დროისთვის, ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება.
საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე, კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო, თუმცა ახლა, ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს განაჩენით, მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი დაასახელა.
2022 წელს კომპანიამ დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის.
2024 წელს საარბიტრაჟო დავა დასრულდა, საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით Enka Renewables-სთვის $383.2 მილიონის გადახდა დაეკისრა.
შემდეგ კომპანია ენკამ პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში მისი აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა.
საქართველომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გაუქმების მოთხოვნით და ამავდროულად მოითხოვა აღსრულების შეჩერება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge