
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პარაზიტული ეკონომიკა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მომავალი ეკონომიკური არქიტექტურა იხაზება.
შეერთებული შტატები ტრანსკასპიური საწარმოო ფონდის - TRIPP+-ის ამოქმედებისთვის ემზადება. ევროკავშირი კი შუა დერეფნის განვითარებისთვის 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. მიზანი ნათელია: ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზების დივერსიფიკაცია, ვაჭრობის ზრდა და ტვირთების გადაადგილების დროის შემცირება.
საქართველო ორივე პროექტის გეოგრაფიაშია. მაგრამ სულ უფრო ნაკლებად ჩანს მათ პოლიტიკურ არქიტექტურაში.
ასეთია ივანიშვილის მოდელის შედეგი: საქართველო რუკაზე რჩება, მაგრამ გადაწყვეტილების მაგიდიდან გამქრალია.
ხელისუფლებას ამაზე მარტივი პასუხი აქვს - ჩვენს გეოგრაფიას ვერავინ გადააადგილებს, ტვირთი მაინც გაივლის და რაღაც სარგებელი ჩვენც დაგვრჩება.. შესაძლოა, მართლაც დაგვრჩეს. მაგრამ ეს იქნება არა სახელმწიფოს მიერ მოპოვებული კუთვნილი და ღირსეული წილი, არამედ გზის პირას შემთხვევით „ჩამოცვენილი“ შემოსავალი.
ივანიშვილის ეკონომიკურ მოდელს არაფერი შეუქმნია ისეთი, რაც დამოუკიდებლად წარმოქმნიდა გრძელვადიან ზრდას. ის ეყრდნობა წინა წლებში აშენებულ ინფრასტრუქტურას, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ემიგრანტების ფულად გზავნილებს და ბოლო წლებში რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით შექმნილ ეკონომიკურ გარემოს.
ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით ამაყობს, თუმცა საქართველო რეგიონული გამონაკლისი არ არის. მაღალი და ჩვენზე მეტი ზრდა ჰქონდათ სომხეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და სხვა ქვეყნებსაც, სადაც ომით გამოწვეული სავაჭრო რეექსპორტი, რუსული კაპიტალი და ფულადი ნაკადები შევიდა. განსხვავება ისაა, რომ ბევრი მათგანი მიღებულ მოკლევადიან შესაძლებლობას ახალ კავშირებსა და ინფრასტრუქტურაში აბანდებს. ჩვენ კი დროებით სარგებელს წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკად ვასაღებთ.
ეს არის პარაზიტის ეკონომიკა - თავად არაფერს ქმნი, მაგრამ სხვის მიერ აშენებულ გზაზე, მეზობლის ტრაგედიასა და გეოგრაფიულ გარდაუვალობაზე ცხოვრობ.
ასეთი მოდელი მხოლოდ მორალურად კი არ არის გაუმართლებელი; პრაგმატულადაც წამგებიანია. პარაზიტობას სარგებელი მანამდე აქვს, სანამ გარემო უცვლელია. მაგრამ გარემო უკვე იცვლება: ჩნდება ახალი პროექტები, ახალი გზები, ახალი ფონდები და ახალი პოლიტიკური ალიანსები. პარტნიორები ფულს იქ დებენ, სადაც სანდო ხელისუფლება, პროგნოზირებადი პოლიტიკა და საერთო სტრატეგიული ინტერესი ხვდებათ.
საქართველო შეიძლება კვლავ დარჩეს დერეფნად. მაგრამ დერეფანი და სტრატეგიული სატრანზიტო კვანძი ერთი და იგივე არ არის.
ანბანური თანმიმდევრობის წყალობით, ოლიგარქის მიერ მიტაცებული საქართველოს წარმომადგენელი მომავალშიც შეიძლება აღმოჩნდეს ევროკავშირის პრეზიდენტის გვერდით, მაგრამ ეს მეზობლობა მხოლოდ დარბაზის პროტოკოლში დარჩება - ქვეყანა ევროკავშირის წევრობის შანსსაც კარგავს და დასავლეთის დიდი პროექტების სრულფასოვანი მონაწილიდან მათ პერიფერიულ დანამატად ყალიბდება.
ივანიშვილის ხელისუფლება კი ქვეყანას სწორედ ამას უკარგავს - შესაძლებლობას, რომ საკუთარი გეოგრაფიული უპირატესობა რეალურ პოლიტიკურ გავლენად, ეკონომიკურ სარგებლად და უსაფრთხოების მყარ გარანტიად აქციოს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge