
ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური დარტყმებით ემზადება.
ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა კიევისა და მიმდებარე რეგიონების მიმართულებით 172 დრონი და 36 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მისი თქმით, ყველა რაკეტა კიევსა და მის მიმდებარე რეგიონზე იყო მიმართული.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ როდესაც რუსეთი ცდილობს მილიონობით მცხოვრების მქონე კიევი და მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩეს.
"დაზარალებულ რეგიონებში, სადაც უსაფრთხოების მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, აღდგენითი და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
თავდასხმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დედაქალაქს ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ჩრდილოეთის ხიდი. ნაწილობრივ განადგურდა საბავშვო ბაღი.
კიევის ოლქში დარტყმის ქვეშ მოექცა ქვესადგური, რომელიც რივნესა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებს კიევთან და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებს.
ქვესადგურები ასევე დაზიანდა ვინიცის, ჟიტომირის, რივნეს, ხარკოვისა და დნიპროს რეგიონებში.
კიევის გარდა, თავდასხმა კიდევ თორმეტ რეგიონზე განხორციელდა. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ქვეყანას ამ ტერორისგან, მუშაობენ დაზიანებული ობიექტების აღსადგენად და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინამ ზამთარი გადაიტანოს.
თუმცა, როდესაც რუსეთი ცდილობს მილიონობით მცხოვრების მქონე კიევი და მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს.
შეერთებული შტატებისგან ორმხრივი მხარდაჭერის გაძლიერების იმედი გვაქვს. ველოდებით, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას მეტ ყურადღებას დაუთმობს, რადგან რუსეთი თავდასხმების რაოდენობას მუდმივად ზრდის.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სიმტკიცე და თანმიმდევრულობა უკრაინის მხარდაჭერაში გადამწყვეტია მშვიდობის მოახლოებისთვის", - წერს ზელენსკი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge