
მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მიმართეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
"სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.
ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ 7 მაისს ცნო და 7-7 წელი მიესაჯათ, რაც შეეხება გური ჟვანიას, მას 5 წელი აქვს მისჯილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge