
რუბიოს განცხადებით, რუსეთმა შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაავრცელოს შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ. მისი თქმით, ვაშინგტონი ამ შემთხვევას ყურადღებით აკვირდება.
"ვფიქრობ, რუსეთს ევალება, ცხადია, მეტი ინფორმაცია გაუზიაროს მსოფლიოს...ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით, საათობრივად ვაკვირდებით", - თქვა რუბიომ.
რუბიოს თქმით, აშშ-ს აქვს ზომები, რომლებითაც რუსეთს დახმარებას გაუწევს, თუ დადასტურდება, რომ ვითარება იმაზე სერიოზულია, ვიდრე ამ დრომდე იყო აღიარებული. თუმცა, მისი თქმით, ჩარევამდე ვაშინგტონს მეტი ინფორმაციის მიღება სჭირდება.
ცნობისთვის, ირკუტსკის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტმა, 28 წლის დარია შიპილოვამ მუშაობისას ფილტვის შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. მომხდარიდან მალევე მძიმედ დაავადდა და 2 ოქტომბერს, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა, ლაბორატორიული ავარიის ფაქტი უარყო და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაუდგენელი წარმომავლობის პნევმონია დაასახელა.
ოფიციალური უარყოფის მიუხედავად ხელისუფლებამ საავადმყოფოებში მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო იზოლაციაში მოაქცია.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge