
EU-მ უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა დაამტკიცა.
"დღეს ევროკავშირის საბჭომ ორი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის მექანიზმის (EPF) ფარგლებში ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. დახმარების საერთო მოცულობა 1 მილიარდი ევროა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვის გზით განხორციელდება", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ დახმარება მოიცავს დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, რადიოელექტრონული საბრძოლო წარმოების აღჭურვილობის, რადარის სისტემებისა და ასაფეთქებელი საშუალებების მიწოდებას, რაც 2027 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
"24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა, კიევში რამდენიმე საელჩო დააზიანა და პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს - მოსკოვის ქმედებები ყველაფერზე მეტყველებს.
დღეს ჩვენ ვამტკიცებთ კიდევ 1 მილიარდი ევროს გამოყენებას უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად. ეს თანხა მოხმარდება დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და სხვა იმ შესაძლებლობების დაფინანსებას, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება.
უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, რათა გააძლიეროს საკუთარი პოზიციები როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკების მაგიდასთან", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge