
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჰერჩინსკის რჩევებით საქართველო ევაკუაციამდე მივიდოდა
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით მკვეთრად კრიტიკული განცხადება გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ლიდერებისა და ელჩის მითითებებით რომ ემოქმედა, ქვეყანა დღეს ეკონომიკურად და ომისგან დანგრეული იქნებოდა, ხოლო დიპლომატებს კიევის მსგავსად თბილისის დატოვება მოუწევდათ. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ღონისძიებებს, რითაც სცდება დიპლომატიურ მისიას, არღვევს ვენის კონვენციას და პოლიტიკურ აქტორად გვევლინება. „ქართული ოცნების“ პარლამენტის სპიკერის განცხადებით, „ევროპის დღეებზე“ ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი პირების მიწვევით ევროკავშირის საელჩომ ეს ღონისძიებები „ევროპის სიძულვილის დღეებად“ აქცია.
„ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა... «ვულოცავ» ევროკავშირის ელჩს, რომ ევროპის დღეები მან აქცია ევროპის სიძულვილის დღეებად.“ თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge