
კობახიძე: 70 წლამდე პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილებს ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება.
კობახიძის თქმით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება თავად კომპენსაციის რაოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი კეთილმოწყობილი საცხოვრისი.
პარალელურად, წარმატებით ხორციელდება "სოფლად სახლის" პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2600 დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით, სულ მცირე, 10 წელი დასჭირდება. აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელშიც ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 ათასი ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.
კომპენსაცია გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და სოფლად სახლის პროგრამა, იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდაზე. კობახიძის თქმით, ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33%-ს აღემატება. 2026 წელს, ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მლრდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე 540 მლნ ლარი. პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ ერთი მილიარდ 65 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. სოციალურ ხარჯებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 -ია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა.
აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ", - განაცხადა კობახიძემ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge