
მიხეილ ყაველაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა.
ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, საინვესტიციო, ტურისტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ვო თჰი ან სუანს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
"პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის პერსპექტივა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში საქართველოშიც გაიხსნება ვიეტნამის რეზიდენტი საელჩო.
მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, "შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებში განიხილეს.
საუბარი შეეხო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესაბამისი შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესკავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად გამოიკვეთა ინოვაციები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერება და კვლევა. ყურადღება ასევე დაეთმო უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას", ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge