მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: განაჩენი თავისუფლებას
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: განაჩენი თავისუფლებას

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: განაჩენი თავისუფლებას

ფორმულა|formulanews.ge

ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებისთვის განაჩენის გამოსატანად ემზადება.

ოპოზიცია შეიძლება არსებობდეს, სანამ ხელისუფლებას ვერ ცვლის. როგორც კი ამის ძალა გაუჩნდება, უნდა აიკრძალოს. ასეთია "ქართული ოცნების" სარჩელის პოლიტიკური შინაარსი. საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვენ, მოქალაქის არჩევანის ზღვარი ივანიშვილის ძალაუფლების უსაფრთხოებით განსაზღვროს.

ეს ლოგიკა თავად სარჩელში იკითხება: დაუფარავად წერენ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან მათ პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ აქვთო. მაშასადამე, დასაშვებია ოპოზიცია, რომელსაც ვერავინ ირჩევს, ან რომელსაც თავად დიქტატორი ნიშნავს; ასაკრძალია ის, ვისაც ხელისუფლების შეცვლა შეუძლია.

ამიტომაა სარჩელი სინამდვილეში მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული. მას ეუბნებიან: შეგიძლია უკმაყოფილო იყო, მაგრამ ამ უკმაყოფილებით ხელისუფლებას საფრთხეს ვერ შეუქმნი. არჩევნებზე მისვლა შეგეძლება; ხელისუფლების ცვლილება - ვეღარასოდეს.

აქ ივანიშვილის პირადი ინტერესი და რუსეთის სტრატეგიული მიზანი ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა. ერთს შეუზღუდავი ძალაუფლება სჭირდება, მეორეს - დასავლეთს მოწყვეტილი საქართველო, რომლის პერსპექტივაც ერთი კაცის ნებაზე იქნება დამოკიდებული. ყველაფერი ასე იყო ჩაფიქრებული 2011 წლიდანვე, თუ ძალაუფლების შენარჩუნების გზამ მიგვიყვანა აქამდე - ისტორიისთვის მნიშვნელოვანი კითხვაა, თუმცა შედეგის თვალსაზრისით უკვე მეორეხარისხოვანი.

მოქმედი პარტიების გაუქმება ამ სამართლებრივ აბრაკადაბრაში მხოლოდ აისბერგის წვერია. ხელისუფლება მათ ადგილას ახლების გაჩენის პერსპექტივასაც ზღუდავს. აკრძალული პარტიის საქმიანობისა თუ შემადგენლობის არსებითად გამეორება ახალი გაერთიანების აკრძალვის საფუძველიც შეიძლება გახდეს. კანონით განსაზღვრულ უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში ხელფასის მიღებას პარტიის წევრობის რვაწლიანი აკრძალვა უკავშირდება.

ამ შეზღუდვების არეალში კონკრეტული ადამიანები ხვდებიან: მკვლევრები, უფლებადამცველები, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის თანამშრომლები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, პროფესიონალები - მოქალაქეები, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ალტერნატივად შეიძლება კი არა - ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის - აუცილებელი და საჭიროა რომ იქცეს. ხელისუფლება დღევანდელ კონკურენტებთან ერთად ხვალინდელ პოტენციურ კონკურენციასაც ებრძვის. პოლიტიკური მოედნის მოსუფთავება საკმარისი აღარ არის; იქ შესასვლელი კარიც უნდა დაიგმანოს.

ამავე სქემაში თავისი ადგილი აქვს წულუკიანის კომისიის დასკვნას, რომელიც პარტიების აკრძალვის დასაბუთების ერთ-ერთი საყრდენია, მათ შორის, 2008 წლის ომსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ბრალდებებისთვის. ყველაზე მძიმე შედეგი ის იქნება, რომ ივანიშვილისა და მისი მარიონეტების მიერ შიდა მოწინააღმდეგეების დასასჯელად გამოყენებული არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთისა და სეპარატისტების ხელში აღმოჩნდება - ამჯერად უკვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭდით.

ასეთი გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ავტომატურად არ ნიშნავს. მაგრამ მოსკოვს სწორედ ეს აძლევს ხელს: საქართველო იმეორებდეს აგრესორისთვის სასარგებლო ბრალდებებს, კარგავდეს მოკავშირეებს და სულ უფრო ნაკლები ძალა რჩებოდეს, მოსკოვის მიერვე, სისხლით, ნგრევითა და ეთნიკური წმენდით შექმნილი "ახალი რეალობისთვის" წინააღმდეგობის გასაწევად.

ევროპულ პერსპექტივაზე პასუხი კიდევ უფრო ერთმნიშვნელოვანია: პარტიების აკრძალვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლას გამორიცხავს. ამ გზის შეგნებულად გადაკეტვა ივანიშვილისა და "ოცნების" ისტორიული პასუხისმგებლობა იქნება.

ქვეყნის შიგნით კი მშვიდობიანი ცვლილების შესაძლებლობის მოსპობა რადიკალიზაციის საფრთხეს გაზრდის. სასამართლო უკმაყოფილებას ვერ გააუქმებს - მას პოლიტიკური გამოსავლის გარეშე დატოვებს. ასე ფორმდება დიქტატურა: ხელისუფლების შეცვლის სურვილი არსებობს, მისი განხორციელების უფლება და შესაძლებლობა კი - აღარ.

9 აპრილს მოპოვებული თავისუფლება საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლებაა. კონსტიტუციის სახელით მისი წართმევა კონსტიტუციის სულისკვეთების მკვლელობა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა სულების ღალატი.

საკონსტიტუციო სასამართლოსგან ახლა მოითხოვენ, ერთი კაცის ძალაუფლების დასაცავად თაობების ბრძოლით მოპოვებული შედეგი გააუქმოს და ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად დაუტოვოს ბრძოლა იმ უფლებისთვის, რომელზეც მათი ევროპული, უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალი უნდა დაშენებულიყო.

ვერც პარტიული დავალება და ვერც სამართლებრივი ფორმალობა ვერავის დაიცავს პირადი პასუხისმგებლობისგან. თითოეულ ინიციატორს და გადაწყვეტილების მიმღებს მოუწევს პასუხის გაცემა იმისთვის, რომ ერთი კაცის ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარ მოქალაქეებს არჩევანის უფლება წაართვა, საქართველოს ევროპული გზა ჩაუკეტა, ქვეყანა ოკუპანტის წინაშე დაუცველი დატოვა და თავისუფლებას მისი ხელიდან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავისუფლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • „ღარიბაშვილზე ხელის დადებით თავისუფლება იყიდეს“ - ადვოკატი ყოფილი პრემიერის ახალ საქმეზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • "თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ბაია პატარაიას პროტესტი ეუთოში Human Dimension ღონისძიებაზეტვ პირველი
  • პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების და პირველი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაიმედი
  • როგორ გაუარესდა ისტორიულ მინიმუმამდე საქართველოში პრესის თავისუფლება „ოცნების“ წლებშინეტგაზეთი
თავისუფლების →

მსგავსი სტატიები

მაკრონი: ვინც თავს დაესხა პრეფექტურებს, კომერციულ ობიექტებს, მერიის შენობებს - დაისჯებიან

მაკრონი: ვინც თავს დაესხა პრეფექტურებს, კომერციულ ობიექტებს, მერიის შენობებს - დაისჯებიან

ფორმულა

ზელენსკის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდა

ზელენსკის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდა

ფორმულა

ზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამს

ზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამს

ფორმულა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა