
კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთთან სპეცწარმომადგენლად დანიშნა
ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა, რომელზეც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა. თანამდებობაზე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.
გიორგი ზურაბაშვილი ამჟამად ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. როგორც კობახიძემ განმარტა, რუსეთთან სპეცწარმომადგენლის პარალელურად, გიორგი ზურაბაშვილი კვლავ დარჩება საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები თავად ბატონ გიორგისთან, მისი ინიციატივა და თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც და ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას, თუმცა, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს, როგორც პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი", - თქვა კობახიძემ.
ამასთან კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია".
"გვინდა გაცნობოთ, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი. რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ბატონი გიორგი ზურაბაშვილი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2024 წელს კი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი ცოდნითა და გამოცდილებით საუკეთსოდ შეასრულებს დაკისრებულ ამოცანებს", - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge