
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი
26 ოქტომბერს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრსა და რეგიონის სხვა რაიონებზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო იერიშის შედეგად სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე ხანძრები გაჩნდა.
რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხე ადგილობრივი დროით ღამის 03:00 საათზე გამოცხადდა, ხოლო ორი საათის შემდეგ სარაკეტო საფრთხის განგაშიც ჩაირთო. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა 113 დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან 70-ზე მეტი უშუალოდ ქალაქ ვორონეჟის თავზე განადგურდა. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 დაიჭრა.
გუბერნატორის ცნობით, ხანძრები გაჩნდა რამდენიმე საწარმოში, ბიზნეს-ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის სტადიონზე, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლსა და აგარაკების დასახლებებში. შენობების ფასადები და ფანჯრები ქალაქის თითქმის ყველა რაიონშია დაზიანებული, თუმცა ოფიციალურ პირებს კონკრეტული დაზარალებული საწარმოები არ დაუსახელებიათ.
დამოუკიდებელი და მონიტორინგის წყაროების ცნობით, იერიშის მთავარ სამიზნეებს სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები წარმოადგენდა. უკრაინული არხის, Supernova+-ის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ნავთობქიმიურ ქარხანა „ვორონეჟსინთეზ კაუჩუკზე“, საავიაციო ტექნიკის მწარმოებელ საწარმოსა და ჩრდილოეთის ხიდზე.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge