
კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია
ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, - განაცხადა კახა კალაძემ ცხოველთა უფლებების დამცველებზე საუბრისას.
მისი თქმით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გარშემო გავრცელებულ ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უწყება მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და სტატისტიკაც მოვიყვანე, გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა. ამას ემატება ევთანაზია, ასევე ფაქტები, როდესაც ცხოველებს ავტომობილები ეჯახება. ეს ყველაფერი შემოდის სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან, დაშავებულ ცხოველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, გვაქვს შესაბამისი სერვისი, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებს.
გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას.
იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge