
ირაკლი ჭეიშვილი ALDE-ს რეზოლუციას ხელისუფლებისა და მოსამართლეების შანტაჟად აფასებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას ეხმაურება და დოკუმენტს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარი განვითარების გზას თავად განსაზღვრავს.
„ALDE-ს კი არა, აბსოლუტურად არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში — ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის პროცესის პარალელურად რომ მსგავს განცხადებას გააკეთებ, ეს არის ზუსტად ხელისუფლებისა და მოსამართლეების შანტაჟი“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
ჭეიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება, თუმცა, მისივე შეფასებით, დღევანდელ ოპოზიციას გამარჯვების შანსი ნებისმიერ დროს დანიშნულ არჩევნებზე არ ექნება. დეპუტატის თქმით, რეზოლუციის ავტორებს ქვეყნის სათავეში „მარიონეტული ხელისუფლების“ მოყვანა სურთ, სანქციებზე საუბარი კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ზეწოლის მცდელობაა.
თავად ALDE-ს რეზოლუციაში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, შეწყდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაიწვიონ „უცხოური აგენტების“ კანონი და დაინიშნოს ახალი არჩევნები. გარდა ამისა, დოკუმენტი ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვისა და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge