საქართველოში პურის ფასი სავარაუდოდ, 5 თეთრით გაიზრდება
საქართველოში პური ძვირდება. სავარაუდოდ, ფასი საშუალოდ 5 თეთრით გაიზრდება.
როგორც პურის მწარმოებლები აცხადებენ, საერთაშორისო ბაზარზე ფქვილის ფასი არ გაზრდილა, არამედ იზრდება გაზისა და ელექტროენერგიის ფასი, რაც პურის ფასის მატების მიზეზი ხდება.
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, მთავარი პრობლემა წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირება და ჯარიმებია.
"დაიწყო საუბარი ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფების შეცვლაზე, ჯარიმებით გავივსეთ, წამოვიდა საუბარი ხორბლის დაბეგვრაზე, რომელზეც უნდა მოუმატონ ფასი. ეს ყველაფერი ხომ ფოკუსირდება ერთად?! მე ვსვამ შეკითხვას, რა ქნას მეწარმემ? ყველა მაღაზიასთან ჩამოკიდეს კამერები და მიდის დაჯარიმება - ეს უბედურებაა", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
კომპანია "ბარაქას" გენერალური დირექტორის ლადო ბიძინაშვილის განცხადებით კი, მიზეზი ხორბლის, შესაბამისად, ფქვილის ფასის ცვლილება არ არის.
"დღევანდელი ხორბლის გაძვირებით, რომელიც ფქვილის გაძვირებაზე აისახება, მიმდინარე ფასი კიდევ ვერ დაეწევა იმ ფასს, რაც იყო 6 თვის წინ - 300 ლარზე მაქვს საუბარი, აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ფქვილის ფასის გაძვირებით, პურის ფასი არ მოიმატებს, მაგრამ შეიძლება სხვა შემადგენელი ნაწილები გაძვირდა და ამან იქონიოს გავლენა", - განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა.
