The Telegraph - ზელენსკის ყირიმის ხიდის სრული განადგურება სურს, კიევი განმეორებით დარტყმას ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედრო მეთაურებს აცნობა, რომ ყირიმის ხიდის სრულად განადგურება სურს და ამის გამო კიევი განმეორებით დარტყმას ამზადებს, - ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
"პრეზიდენტს სურს, რომ ის (ყირიმის ხიდი) სრულად განადგურდეს", - განაცხადა გამოცემის წყარომ.
18 ნოემბრის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ბრიგადამ, რომელიც "ნეპტუნის" ტიპის რაკეტებით არის შეიარაღებული, მობილური გამშვები დანადგარები უკრაინის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გაიყვანა. წყაროს თქმით, მაშინ სამხედროებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის "ნეპტუნი" გაუშვეს. გაშვებისთანავე ბრიგადამ რუსეთის საპასუხო დარტყმის თავიდან ასაცილებლად კომპლექსების პოზიციებიდან გაყვანა დაიწყო.
ამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ხიდს უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებიც უტევდნენ. დაახლოებით 02:00 საათზე ბრიგადამ, რომელიც "ნეპტუნებით" ურტყამდა, შეიტყო, რომ ხიდის სავალი ნაწილის ნაწილი და ერთ-ერთი საყრდენი თაღი ჩაინგრა.
ამავდროულად, ვინაიდან რაკეტების სამიზნე სარკინიგზო მონაკვეთი იყო, მომდევნო ღამეს სარაკეტო ბრიგადამ განმეორებითი დარტყმა განახორციელა და ხიდის სარკინიგზო ნაწილი კიდევ უფრო დააზიანა. მხოლოდ მეორე სარაკეტო დარტყმის შემდეგ შეიტყვეს სამხედროებმა, რომ ამ თავდასხმის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა გასცა.
ნოემბრის შუა რიცხვებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის ხიდზე დარტყმების სერია განახორციელეს, რის შედეგადაც გადასასვლელის როგორც საავტომობილო ნაწილი, ისე სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა. ნგრევის გამო რუსეთის ფედერაციაში პირველად აღიარეს ოკუპირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი „ლოგისტიკის გართულება“. კერძოდ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ანდრეი ნიკიტინმა განაცხადა, რომ მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება გართულდა, რუსეთის მთავრობა კი გადასასვლელზე მოძრაობის შეზღუდვების შემოღებას უშვებს.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ განაცხადა, რომ რუსეთს ყირიმის ხიდის დაზიანებული ელემენტის ასაწევად რამდენიმე თვე დასჭირდება. უკრაინული მხარის შეფასებით, საუბარია დანგრეული თაღოვანი კონსტრუქციის ხანგრძლივ დემონტაჟსა და გატანაზე.
