ზელენსკი - ლიბიაში ოპერაცია ევროპასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩატარდა
უკრაინამ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში რუსული კორვეტის „მერკურის“ განადგურების ოპერაცია ევროპასთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩაატარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ესაუბრა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, რომელთანაც სამუშაო საკითხები განიხილა.
"დავადასტურე, რომ ლიბიაში ბოლო ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე განხორციელდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ისწრაფვის უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის და შეინარჩუნოს "პირდაპირი, რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია“ მათ შორის.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ უკრაინას მოკავშირეებთან ლიბიის ბენღაზიში ჩატარებული ოპერაციის კოორდინაცია არ მოუხდენია. მისი თქმით, არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა და "არავინ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ უკრაინელები ლიბიაში".
22 ნოემბერს უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ლიბიის პორტ ბენღაზის მახლობლად რუსულ გემებზე იერიში მიიტანეს. ზელენსკიმ დაადასტურა კორვეტ „მერკურის“ დაზიანება და გამოაქვეყნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უახლესი ხომალდის განადგურების ვიდეო, რომლის ბორტზეც მრავალფუნქციური ვერტმფრენი „კა-27“ იმყოფებოდა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპერაცია შვიდი უკრაინული საზღვაო დრონის დახმარებით ჩატარდა, რომლებიც ე.წ. "დედა გემიდან“ გაუშვეს. კორვეტის გარდა, თავდასხმის ქვეშ მოჰყვა რუსული მშრალტვირთმზიდი MV ANGARA, რომელიც სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენებოდა. დარტყმის შემდეგ მედიაში გაჩნდა ცნობები ამ ოპერაციის მომზადებაში მესამე ქვეყნების შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
