ზელენსკი - უკრაინა არც ლიბიას და არც მის პორტებს თავს არ დასხმია, იარაღის გადამტან რუსულ გემებს კი ყველგან გავანადგურებთ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტს, მაგრამ იარაღის გადამტან რუსულ გემებს მიზანში ამოიღებს ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, - ამის შესახებ მან Al Jazeera-თან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ სადმე აღმოვაჩენთ რუსულ გემებს, რომლებსაც ამ ომში გამოსაყენებელი იარაღი გადააქვთ, რა თქმა უნდა, ვიპოვით ამ გემებს და შურს ვიძიებთ“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ბენღაზის პორტში რუსულ ხომალდებზე თავდასხმის შემდეგ ლიბიის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის კომენტირებისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღით დატვირთული რუსული გემები ლეგიტიმური სამიზნეებია, თუმცა დასძინა, რომ უკრაინას ლიბიაში ესკალაცია არ სურს.
ზელენსკის თქმით, ლიბიამ უნდა გაიგოს, რომ უკრაინა პატივს სცემს მის სუვერენიტეტს.
მისივე თქმით, უკრაინა არც ლიბიას და არც მის პორტებს თავს არ დასხმია.
22 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა საზღვაო დრონების გამოყენებით ლიბიის პორტ ბენღაზის მახლობლად "სტერეგუშჩის“ ტიპის 20380 პროექტის რუსული კორვეტი დააზიანეს. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თავდასხმაში უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი მონაწილეობდა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კორვეტთან ერთად განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენი კა-27-იც. მეორე სამიზნე კი რუსული მშრალტვირთმზიდი MV ANGARA გახდა, რომელსაც ოკუპანტები იარაღის გადასატანად იყენებდნენ.
მოგვიანებით ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუსა ალ-კონიმ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტში რუსულ გემებზე უკრაინის თავდასხმა თითქოს მისი ქვეყნისთვის "ომის გამოცხადებაა“. მან ასევე მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ამ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართოს და უკრაინის პრეზიდენტი "ტერორისტთა სიაში“ შეიყვანოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი არ ზღუდავს უკრაინას იმ ადგილის არჩევაში, სადაც სახელმწიფოს რუსულ აგრესიაზე პასუხის გაცემა შეუძლია.
