პენტაგონი ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებაზე მუშაობს, რათა Patriot-ის სისტემების წარმოება გაზარდოს - მედია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებაზე მუშაობს, რათა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოება გაზარდოს და მიწოდების ჯაჭვები გააძლიეროს. ამის შესახებ პენტაგონმა „ამერიკის ხმასთან“ კომენტარში განაცხადა.
პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა თავიდანვე მხარს უჭერდა სამრეწველო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებას, რაც Patriot-ის არსებული და დაგეგმილი მოდიფიკაციების წარმოების გაზრდას ისახავს მიზნად.
„ამ ვალდებულების შესასრულებლად, თავდაცვის დეპარტამენტმა არაერთი პარალელური ღონისძიება განახორციელა, რათა დაჩქარებულიყო ტრანსატლანტიკური სამრეწველო თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებსა და უკრაინასთან Patriot-ის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების სფეროში. ეს სამუშაო დღემდე გრძელდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, პენტაგონს პირდაპირ არ დაუდასტურებია და არც უარუყვია ინფორმაცია უკრაინისთვის ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი დაახლოებით 60 რაკეტის გადაცემა, რომელთა მიწოდებაზეც ვაშინგტონი უკვე დათანხმებული იყო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა წელს Patriot-ის სისტემებისთვის თვეში საშუალოდ მხოლოდ 12 რაკეტას იღებს.
