შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის, მოდით, ჩვენც ისეთივე შეუპოვრები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს - რასა იუკნევიჩიენე
პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეში იმყოფება. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
„გასულ კვირას საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხეებში არსებული მძიმე პირობების შესახებ გვიამბეს. დღეს შევხვდი ნინი მანჯგალაძეს, რომლის მამასაც, ბურჭულაძესთან ერთად, მიუსაჯეს პატიმრობა. ნინი დღეს საღამოს აქ, ჩვენთან ერთად იმყოფება. მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში კიდევ ხუთ პატიმართან ერთად იმყოფება. მან ციხიდან გზავნილი გამოგვიგზავნა: „ევროპა საქართველოს სახლია“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მხარდაჭერისთვის.
სხვა პატიმრებს შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლობამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე, გაურთულოს განათლების მიღება და სამსახურის პოვნა. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ამ შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლის დასაცავად. მოდი, ჩვენც ისეთივე შეუპოვრები ვიყოთ, როგორც ისინი არიან და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.[საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]
