პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას - ლევან მახაშვილი
ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას. ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მახაშვილი აღნიშნავს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „პოლიტიკურ პატიმრად“ ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული.
„ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.
დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა“, – დაწერა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.
