უკრაინამ „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსულ სამხედრო აეროდრომს დაარტყა, სადაც სუ-34-ებია განლაგებული
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 26 ნოემბრის ღამეს ვოლგოგრადის ოლქში მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომ „მარინოვკას“ „ნეპტუნის“ სარაკეტო კომპლექსით დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმისთვის უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო კომპლექსი გამოიყენეს.
„აეროდრომზე ბაზირებენ სუ-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები, რომლებითაც ოკუპანტები უკრაინის ქალაქებისა და ჩვენი სამხედროების პოზიციების მიმართულებით მართვად საავიაციო ბომბებს ყრიან“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დარტყმის შედეგები და აეროდრომის ინფრასტრუქტურის დაზიანების ხარისხი ზუსტდება.
გარდა ამისა, გენერალური შტაბის ინფორმაციით, იმავე ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბაშკირეთში მდებარე ხაზოვან საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სუბხანკულოვოსაც“ დაარტყეს. ობიექტი უკრაინის საზღვრიდან 1000 კილომეტრზე მეტი მანძილით არის დაშორებული.
სადგური რუსულ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის და დასავლეთ ციმბირიდან და ბაშკირეთიდან ნავთობის გადაქაჩვას უზრუნველყოფს.
გენერალური შტაბის ცნობით, დადასტურებულია რეზერვუარის დაზიანება, ობიექტის ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა.
