ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მენეჯერს ივრენ დილეკლი (Evren Dilekli) შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც ლაშა დოლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საუბარი შეეხო წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე ნარჩენების მართვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას და გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვისა და სარწყავი სისტემების განვითარების მიმართულებით დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები, გავაუმჯობესოთ ნარჩენების მართვის პრაქტიკა და ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
ივრენ დილეკლის განცხადებით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი მზად არის, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერის შესაძლებლობების განსახილველად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლები, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
