უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას სრულიად სამართლიანად პასუხობს, რუსეთს დეესკალაციის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან მაინც ომი აირჩია - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ნავთობობიექტებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ საწარმოებზე არაერთი წარმატებული დარტყმა განახორციელეს.
„უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას სრულიად სამართლიანად პასუხობს. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს იმისთვის, რომ მათი პასუხები ზუსტია“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მხოლოდ ამ კვირაში უკრაინულმა ძალებმა შედეგებს მიაღწიეს სამარის, ნიჟნი ნოვგოროდის, კრასნოდარის, როსტოვის, ვოლგოგრადის, სტავროპოლის, ბრიანსკის, პერმისა და ტულის ოლქებში, ასევე ბაშკირეთსა და თათრეთში და შავი ზღვის აკვატორიაში.
"რუსეთის ნავთობობიექტები, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში ჩართული საწარმოები და ომის საჭიროებებისთვის მომუშავე სხვა ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და თვითმფრინავები - ჩვენი შორსმოქმედი იარაღის მოქმედების რადიუსი უკვე ყველა ამ სამიზნეს სწვდება.
მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ყველა შემადგენელ ნაწილს, რომლებიც აგრესორის წინააღმდეგ ჩვენს კინეტიკურ სანქციებს ახორციელებენ.
რუსეთს დეესკალაციისა და ამ ომის შეჩერების არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან მაინც ომი აირჩია. რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს - მან მშვიდობა უნდა აირჩიოს.
მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას!“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
