მატჩის ორგანიზატორი უეფა არ ყოფილა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების სექტორში, თავად გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების აღკვეთას შეეცადა - უეფა
უეფა ბათუმში, "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განმარტებით, მატჩის ორგანიზატორი უეფა არ ყოფილა და სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. უწყების განცხადებით, სტადიონზე ყველა ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს და განახორციელეს.
უეფა ასევე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციასა და "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება პალესტინის დროშის გამოჩენის შემდეგ დაიწყო.
„ზოგიერთ მედიასაშუალებაში ამჟამად გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფასთვის ცნობილია, რომ ადგილობრივ პოლიციასა და ბეშიქთაშის გულშემატკივრებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში მათ შორის დაწყებული დაპირისპირების აღსაკვეთად ჩაერია. სწორედ ამ ჩარევის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია მატჩის დროებით შეჩერება“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.
უეფას განმარტებით, მატჩის სტამბოლში, "ბეშიქთაშის" საშინაო სტადიონზე ჩატარება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი უწყებების რეკომენდაციისა და მითითებების საფუძველზე, უსაფრთხოების მოსაზრებებით არ მიიჩნია მიზანშეწონილად. ალტერნატიულ ადგილად კი ბათუმის სტადიონი შეირჩა.
