საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს - თურქული მედია
თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმში, ბეშიქთაშისა და ისრაელის ჰაპოელ ბეერ-შევას მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გათავისუფლებულია.
მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად საქართველოს პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, რასაც თურქეთის მხრიდან დიპლომატიური ჩარევა მოჰყვა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების დროს დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ გაწერეს.
ეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას” შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართა. როგორც უეფა-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავდა სამი სამართალდამცველი.
