ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას - ნიკა გვარამია
აი, ამ ხალხს შეხედოს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს: ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასებო სამყაროში! მიხარია, რომ აქ გხედავთ. მიხარია, რომ გხედავთ უამრავს. მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი.
ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა - გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაც და გვაქვს მეტი რაოდენობა. შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა. და ცვლილება არის აქ, ჰაერში და როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია.
ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს ძმამ, რომელმაც დღეს დაწერა: „გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო“. და მე აქედან მინდა ვუთხრა: არასდროს! არ მიგატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ, არც ერთს!
და ვინც აქ არის გარეთ და თქვენზე ღელავს - თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი გუშაგები და თქვენ აქ დგახართ.
ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს. როგორც ქოცების, ისევე მართლმსაჯულების - სამარცხვინო მეგრელის მაგალითად.
აი, ამ ხალხს შეხედოს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს: ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ ოჯახში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ წინ ვერ დაგვიდგება! საქართველო ივანიშვილის გარეშე!
მე მინდა სიტყვა გადავცე იმ ხალხის წარმომადგენელს, ვინც ჩემთვის პირადად არნახული რამ შეძლეს - ყოველ შაბათს მარშებს აორგანიზებენ და ყველას ჩვენთაგანს გვაძლევენ შესაძლებლობას, დავინახოთ ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს და შევახსენოთ ყველას, რომ ჩვენ კვლავაც ვცოცხლობთ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ!"- თქვა გვარამიამ.
