ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც ქართველი ერი „რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან“ თავისუფლდება და გამარჯვებამდე მცირე დროა დარჩენილი. მისივე თქმით, გამარჯვებამდე აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას, როგორი იქნება საქართველო ივანიშვილის გარეშე.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს, სადაც დამნაშავე დასჯილია, კანონმორჩილი უსაფრთხოა და სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს“, - აღნიშნა მან.
ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაა და რესპუბლიკად შედგება მაშინვე, როცა ივანიშვილს დაამარცხებენ.
"გამარჯობა, მეგობრებო! ადრეც მითქვამს და უნდა გავიმეორო - მე არასდროს დამიკარგავს ქართველი ხალხის იმედი. არ დამიკარგავს არა იმიტომ, რომ სათითაოდ გიცნობთ, არამედ იმიტომ, რომ იმას ვიცნობთ, რასაც ჩვენი კოლექტიური, ერთობლივი მეხსიერება განგვაკუთვნებს. შოთა რუსთაველს ვიცნობთ, ილია ჭავჭავაძეს ვიცნობთ, დავით გურამიშვილს ვიცნობთ, სულხან-საბა ორბელიანს ვიცნობთ, ვაჟა-ფშაველას ვიცნობთ და ვიცი, რომ მათი შემოქმედება არის ჩვენი იდენტობა. და ასე იდენტობა რუსეთმა სულ ქვაში რომ გამოკეტოს, ზუსტად ვიცი, რომ ქვას შევჭამთ და თავს გავითავისუფლებთ. და სწორად ეს პროცესი მიდის ახლა - ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა. გამარჯვებამდე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს, სადაც დამნაშავე დასჯილია, კანონმორჩილი უსაფრთხოა და სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს.
თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს! საქართველო ევროპაა და საქართველო რესპუბლიკა იქნება მაშინვე, როცა ივანიშვილს დავამარცხებთ"- თქვა ჩერგოლეიშვილმა.
