ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დიდი კომპრომისია - ჩვენ მზად ვართ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში სამხედრო მოქმედებები ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეაჩეროს და საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარებაზე გადავიდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ Al Jazeera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის - შევჩერდეთ იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ. არის თუ არა ეს კომპრომისი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისია.
გვესმის, რომ მას [პუტინს] ჩვენი მიწის დატოვება არ სურს. სწორედ ამიტომ ვამბობთ: კარგი, შევჩერდეთ ამ ეტაპზე და გადავიდეთ დიპლომატიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს საკმარისი გავლენა იმისთვის, რომ ომის დასრულების გზას მიაგნოს.
