ირანი აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის Starlink-ს იყენებდა - ილონ მასკი განრისხებული იყო - The Washington Post
ირანმა Starlink ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის წარმოებისთვის გამოიყენა. არასანქცირებული გამოყენების შემთხვევების გამოვლენის შემდეგ კომპანიიდან სულ მცირე ორი ხელმძღვანელი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ The Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია მარტის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის დაბომბვა დაიწყეს. საპასუხოდ, თეირანმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანა იერიში.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მასკი განრისხებული იყო, როდესაც შეიტყო მისი სატელიტური ინტერნეტსერვისის არასანქცირებული გამოყენების ორი შემთხვევის შესახებ.
მასკის გუნდმა დაასკვნა, რომ ირანი Starlink-ს ამერიკული ძალების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის წარმოებისთვის იყენებდა. გამოცემას ეს ინფორმაცია ოთხმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.
გარდა ამისა, მასკმა შეიტყო, რომ ამერიკელი სამხედროები მოიერიშე დრონებისთვის Starlink-ის სამხედრო ვერსიას - Starshield-ს იყენებდნენ, თუმცა მომსახურების საფასურს უფრო იაფი ტარიფით იხდიდნენ, რომელიც მხოლოდ სახმელეთო ოპერაციებისთვის იყო განკუთვნილი.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იმავე კვირის ბოლოს მომხდარი ინციდენტების გამო კომპანიიდან სულ მცირე ორი ხელმძღვანელი გაათავისუფლეს.
The Washington Post-ის ცნობით, ზაფხულში აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს წარუდგინეს საიდუმლო ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო ირანის მიერ Starlink-ის გამოყენებაზე ჯარების მართვისა და მოიერიშე დრონების ოპერაციების განსახორციელებლად.
პენტაგონში განაცხადეს, რომ მათთვის ასეთი ანგარიშის არსებობის შესახებ არაფერია ცნობილი.
