ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უნგრეთი უკრაინელ ხალხთან ერთად პატივს მიაგებს სტალინური რეჟიმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას - უნგრეთის საგარეო უწყება
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს 1932–1933 წლებში სტალინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობის შედეგად დაღუპული მილიონობით უდანაშაულო უკრაინელის ხსოვნას პატივი მიაგო.
ამის შესახებ უნგრეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სამინისტრომ 28 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
„ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უნგრეთი უკრაინელ ხალხთან ერთად პატივს მიაგებს სტალინური რეჟიმის მიერ 1932–1933 წლებში განზრახ გამოწვეული შიმშილობის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას. ეს არასდროს უნდა დავივიწყოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და „ძვირფას უნგრელ მეგობრებს“ სოლიდარობისა და უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის ერთობლივად პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ჰოლოდომორის საშინელი დანაშაული კრემლმა მოაწყო, დღეს კი კრემლი შიმშილს კვლავ იარაღად იყენებს.
„რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთი ის ქვეყანაა, რომელსაც უკრაინული საქონლის მსოფლიო ბაზრებზე ტრანზიტი არასდროს დაუბლოკავს. ჩვენი ორი ქვეყანა ერთობლივად კიდევ უფრო აფართოებს ამ შესაძლებლობებს და აძლიერებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყებამ ასევე მადლობა გადაუხადა უნგრეთსა და უნგრელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელსაც ისინი უკრაინას უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთრის წინ უწევენ.
