კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე „ოპოზიციის ალიანსის“ წევრეიბს - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს - ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და „ევროპული საქართველოსთვის“ ლიდერს გიგი წერეთელს მიმართავს და მათგან კონკრეტულ პასუხებს მოითხოვს. ანა წითლიძე 28 ნოემბრის აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ინციდენტს ეხმიანება.
მისი თქმით, „როგორც გაირკვა, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „თავისუფლების მოედანს“ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალიანსის სახელით „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტყვით გამოსვლაზე უარი ეთქვა“.
„მათ არც ის იცოდნენ, რომ ამ საკითხის გარჩევა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახლა ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: თუ ალიანსის ორმა წევრმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ იცოდა, მაშინ ვინ მიიღო ის ალიანსის სახელით?
ამ საკითხზე კომუნიკაცია გვქონდა „ახლების“ წარმომადგენლებთან და გიგი წერეთელთან, რადგან, როგორც გავარკვიეთ, გამომსვლელთა სიას რატომღაც ალიანსი ადგენდა.
არ გვჭირდება „პროსტინა პოსტები“ და ზოგადი განმარტებები.
კონკრეტულად გვიპასუხეთ: თუ ალიანსის მინიმუმ ორმა წევრმა პარტიამ არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ უნდა გაეშვათ?
ვინ გადაწყვიტა ეს ალიანსის სახელით და რა უფლებამოსილებით?
საკითხი მარტივია - პასუხს ველოდებით.
ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ.
ეგ ჩერგო დაგღუპავთ ბოლოს”, - წერს ანა წითლიძე.
ცნობისათვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ბანერზე დატანილი იყო წარწერა: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა". აღნიშნული ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.
