ორიგინალი
ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება, მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას - „ფედერალისტები“
GHN·18:58

ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება, მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას - „ფედერალისტები“

29 ნოემბერი, 2026 · 18:58

გუშინდელმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში წინააღმდეგობის მუხტი იზრდება და საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ფართოვდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, „ფედერალისტებს“ ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთ-ერთ საკვანძო პირობად მიაჩნია საზოგადოებისთვის იმის მკაფიო დემონსტრირება, რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე.

„ეს ნიშნავს თავისუფალ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების წყარო მოქალაქეა და არა ერთი ადამიანის ნება, სადაც ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, კანონი ყველასთვის კანონია, ადამიანის თავისუფლებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იცავს და საქართველოს თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პარტია „ფედერალისტების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ივანიშვილის პროპაგანდა და, პარადოქსულად, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ერთსა და იმავეს უმტკიცებენ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს სააკაშვილის საქართველოს“.

„ეს ასე არ არის და ამის მკაფიოდ თქმა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამიტომ ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება, და ასეთ მცდელობებს სისტემატურად ვხედავთ, აუცილებლად მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას.

ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური უთანხმოება მიხეილ სააკაშვილთან არ გამომდინარეობს წარსულზე პასუხისმგებლობის საკითხიდან. ამ მხრივ სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდია დაკავებული სხვებისკენ თითის გაშვერითა და, არცთუ იშვიათად, „ქართული ოცნების“ შავრაზმული პროპაგანდის გამეორებით.

ჩვენი უთანხმოება ეხება დღევანდელობასა და საქართველოს მომავლის ხედვას.

პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის უალტერნატივობას არ აღიარებს, მოღალატედ ან ივანიშვილთან შეკრულად აცხადებს, ივანიშვილის რეჟიმისთვის სასარგებლო როლს ასრულებს და ოპოზიციის შიგნით იმავე ავტორიტარულ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს, რომლის დამარცხებასაც ვცდილობთ.

პოლიტიკურ ძალებს შორის ცივილიზებული კოორდინაციის არაერთი მცდელობა სწორედ ამ გუნდის მხრიდან გახდა საბოტაჟის სამიზნე.

ამის უახლესი მაგალითი ოპოზიციური ალიანსის მიმართ მათი დამოკიდებულებაა, როდესაც ჯერ შეუერთდნენ ალიანსს და, იმავე დროს, მისი წევრების წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია წამოიწყეს, რომელსაც დღემდე აგრძელებენ.

ამ ფონზე განსაკუთრებული ცინიზმია, როდესაც ისინი დღეს საერთო სცენიდან სიტყვით გამოსვლის უფლებას მოითხოვენ იმავე პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილთან შეკრულებად აცხადებენ.

ივანიშვილი არის ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეებს წაართვა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობა, თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციით ქვეყანას რუსული გავლენის ჭაობში ტოვებს და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას.

მისი რეჟიმის დამარცხება ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა ვერ გახდება მისი და მისი გუნდის პოლიტიკური ქმედებების კრიტიკისგან გათავისუფლების საფუძველი – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქმედებები ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

ამ პრობლემის იგნორირება დღევანდელ „ნაცმოძრაობასთან“ არარსებული ერთიანობის ილუზიის შესანარჩუნებლად მძიმე პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელმაც უკვე არაერთგზის შეუქმნა საფრთხე ივანიშვილის მიმართ სახალხო წინააღმდეგობას, მათ შორის, სულ ბოლოს 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო კამპანიის დროს, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ამოცანებისთვის ეფექტურად გამოიყენა.

„ფედერალისტებს“ სამიზნე მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული – ივანიშვილის რეჟიმი.

და სწორედ მის დასამარცხებლად არის აუცილებელი იმ პროპაგანდისტული ალტერნატივის დანგრევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მხოლოდ ორ ავტორიტარს შორის აქვს არჩევანი.

ივანიშვილს დავამარცხებთ არა წარსულში დაბრუნების დაპირებით, არამედ უკეთესი მომავლის დამაჯერებელი პერსპექტივის შექმნით.

არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო უპირობო გაერთიანებით, არამედ თავისუფალი მოქალაქეების ფართო წინააღმდეგობითა და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შორის პრინციპული, ცივილიზებული თანამშრომლობით.

„ფედერალისტების“ მიზანია, ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა ერთი მმართველის მეორით ჩანაცვლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ბანერზე დატანილი იყო წარწერა: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა". აღნიშნული ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება, მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას - „ფედერალისტები“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·17:54

უკრაინამ რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს დაარტყა
GHN·16:47

რუსები ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიის კიდევ 6 000 კვადრატული კილომეტრის დაკავება სურთ, თუმცა იციან, რომ მილიონ ადამიანს დაკარგავენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსები ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიის კიდევ 6 000 კვადრატული კილომეტრის დაკავება სურთ, თუმცა იციან, რომ მილიონ ადამიანს დაკარგავენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
GHN·16:14

კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს

კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს
GHN·16:06

გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია

გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.