მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა
თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გრძელვადიანი შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას თურქული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება თეირანს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს შეუნარჩუნებს იმ ფონზე, როდესაც აშშ ირანზე ეკონომიკურ წნეხს აძლიერებს.
წყაროების ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა და ირანის გაზის ეროვნულმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადა გაახანგრძლივეს. შეთანხმებას ვადა მიმდინარე წლის ივლისში ამოეწურა.
Bloomberg-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა შეთანხმებით გათვალისწინებული გაზის წლიური მოცულობა, რომელიც მანამდე 10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ გარკვეული დეტალები თავდაპირველად სტამბოლში დაფუძნებულმა საკონსულტაციო კომპანია Enerji IQ-მ გაავრცელა.
თავდაპირველ შეთანხმებას ვადა მიმდინარე წლის დასაწყისში ამოეწურა, თუმცა გაზის მიწოდება ე.წ. საკომპენსაციო მოცულობების ფარგლებში გაგრძელდა. ეს არის გაზი, რომლის საფასურიც თურქეთს გადახდილი ჰქონდა, თუმცა 25-წლიანი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიღება ვერ შეძლო.
ბოლო წლების განმავლობაში თურქეთი ბუნებრივი აირის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციას ახდენს. ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი უწყების მონაცემებით, გასულ წელს ირანი თურქეთისთვის გაზის მიწოდების სიდიდით მეოთხე წყარო იყო. ათი წლის წინ კი ირანი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებდა.
ირანს მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი აქვს, თუმცა მოპოვებული რესურსის უდიდეს ნაწილს თავად მოიხმარს. ექსპორტზე გატანილი გაზის ძირითადი ნაწილი კი თურქეთსა და ერაყს მიეწოდება.
2025 წლის ივნისში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის წყალობით ქვეყანას ირანული გაზის იმპორტის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება შეუძლია, - იუწყება თურქული მედია.
