სულხან თამაზაშვილი - UEFA-ს მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის, ისრაელის და საქართველოს დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ გამოყენებულიყო - თანამშრომელი, რომელმაც ქომაგს დროშის აღებისკენ მოუწოდა, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კომპანიიდან იყო
UEFA-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშის, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ უნდა გამოყენებულიყო- თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კანონი მოწესრიგებულია UEFA-ს მიერ და ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის, დროშები, რომლებმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს მღელვარება და დაძაბულობა გამოიწვიოს, იკრძალება.
„დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით იკითხა [თურქმა კოლეგამ], თუ რატომ გახდა ამისი აუცილებლობა და ვუპასუხე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის... კადრებშიც ჩანს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის. ეს კანონი მოწესრიგებულია UEFA-ს მიერ. ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის, დროშები, რომლებმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, იკრძალება. UEFA-ს დელეგატი სტადიონზე იმყოფებოდა. ყველა საერთაშორისო მატჩის წინ ტარდება წინა მატჩის თათბირი. ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები. მათ შორის განხილული იყო ეს საკითხი და UEFA-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშის, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა იყო ამ შემთხვევაში დარღვეული და UEFA-ს დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს უნდა აეღოთ. თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება“, - განაცხადა მინისტრმა.
