ლევან მაჭავარიანი USADI-ის ფაილებზე: ჩვენი ხელისუფლება ამას წლების წინ ამბობდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის კანონი აუცილებელი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ილაპარაკა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა.
მისი თქმით, ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ წლების განმავლობაში გავრცელებულ შეფასებებს USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ხელისუფლება ამას წლების წინ ამბობდა, ჩვენმა ხალხმაც ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს ახლა მტკიცებულებების დონეზეა გამყარებული და ფიზიკურად სასპეკულაციო ველიც კი არავის დაუტოვა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ. ყველაფერი გაასაჯაროვა და თუ რამეა დარჩენილი, იმასაც აუცილებლად რამდენიმე დღეში გავასაჯაროებთო. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისია იმის სათქმელად, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის სიმართლე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამბობდა. USAID-ი, ე.წ. „დიფ სთეითში“ ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი გახლდათ. ჩვენ პირდაპირ ვიხილეთ, რომ დაახლოებით მილიარდი დოლარია საქართველოში დახარჯული. ეს თანხები იხარჯებოდა იმისათვის, რომ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მოეხდინათ გავლენა. იხარჯებოდა მდიდარი NGO-ების, მათი მედიასაშუალებების, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიებისა და აქტივისტების დასაფინანსებლად. ეს ყველაფერიც მტკიცებულებებით დევს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის ქართულ, უმარტივეს კანონს, ეს კიდევ ერთი ახსნაა, თუ რამ გამოიწვია ის ისტერია, რომელიც მოაწყვეს ზუსტად ამ პოლიტიკურმა აქტორებმა კელი დეგნანის მეთაურობით. ვინაიდან ეს კანონი ითვალისწინებდა მხოლოდ შემოსული ფულის დეკლარირებას, შესაბამისად, იმდენად სამარცხვინო იყო ის დაფინანსებები, რომელსაც USAID-ი იძლეოდა მდიდარი NGO-ებისთვის და რადიკალური პარტიებისთვის, ამის გამომჟღავნება არავის სურდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, დარწმუნდა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი, რომ ეს კანონი აუცილებელი იყო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოდიოდა და მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ ეს იყო რუსული კანონი და მსგავსი ბოდვები, აბსოლუტურად ყველა არის გაშიფრული აგენტი, რომელიც ფულს იღებდა ამაში“, — განაცხადა მაჭავარიანმა.
