პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს მოუსმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.
მისივე თქმით, საქმე ეხება როგორც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე წყლის სისტემების პროექტებს, სკოლების და საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და კულტურის სახლების მშენებლობის საკითხებს.
კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. რევაზ სოხაძის განცხადებით, დღეისათვის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი მიდგომით იგეგმება და ხორციელდება.
მუნიციპალიტეტების მერებმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ილაპარაკეს და ძირითადი ყურადღება არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გაამახვილეს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დაესწრნენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
