მედია: უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, დარტყმის სამიზნე, სავარაუდოდ, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გახდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალაქ ნოვოშახტინსკის მიმართულებით დრონების დიდი ჯგუფები გადაადგილდებოდა, რის შემდეგაც ქარხნის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, საწვავის შესანახ რეზერვუარებს გაუჩნდა.
მედიის ცნობით, ეს ობიექტზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული, სავარაუდოდ, მეორე თავდასხმაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 27 ნოემბერს დაადასტურა, რომ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიმდინარე კვირის დასაწყისშიც დაარტყეს.
23 ნოემბრის თავდასხმის შედეგად, ქარხანაში 20 ჰორიზონტალური ტიპის რეზერვუარი განადგურდა, კიდევ 21 ჰორიზონტალური და 11 ვერტიკალური რეზერვუარი, ასევე მილსადენის მონაკვეთი დაზიანდა. საწარმოს წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7,5 მილიონ მეტრულ ტონამდე ნავთობს შეადგენს.
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს, რაც, კიევის განცხადებით, მოსკოვის საომარი მოქმედებების დაფინანსების შესაძლებლობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
უკრაინული იერიშების ფონზე რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. Reuters-ის 18 ნოემბრის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოდან უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნედლი ნავთობის გადამუშავების მოცულობა 45%-ით შეამცირა.
15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შორი მოქმედების დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამუშავების სიმძლავრეების 55% მწყობრიდან გამოიყვანეს.
