ბრიტანული გამოცემა The Telegraph: საფრანგეთი რეცესიაში აღმოჩნდა - ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროპის სიდიდით მესამე ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა
მზარდი სასესხო ხარჯებისა და პოლიტიკური პარალიზების ფონზე, საფრანგეთი რეცესიაში აღმოჩნდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
გადახედილი მონაცემებით, ევროპის სიდიდით მესამე ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალში შემცირდა, რაც ტექნიკური რეცესიის განმარტებას აკმაყოფილებს.
მესამე კვარტალში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა, რაც თავდაპირველ პროგნოზირებულ 0.1%-იან ვარდნაზე მეტია. ახალი, დაზუსტებული შეფასებებით, კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც (-0.02%), მაშინ როცა თავდაპირველი მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 0.0%-ის ნიშნულზე იყო.
„ახლა მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან მცირე კლება გვაქვს“, - განაცხადა საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INSEE) წარმომადგენელმა, მარი ლეკლერმა.
საფრანგეთის ეკონომიკა წლის პირველ სამ თვეშიც 0.2%-ით შემცირდა. ნიდერლანდური ბანკის, ING-ის უფროსი ეკონომისტის, შარლოტ დე მონპელიეს შეფასებით, „ქვეყანა ტექნიკურად რეცესიაში წლის დასაწყისიდანვე იმყოფება“.
ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას წინ უძღოდა პოლიტიკური კრიზისი და მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებმაც ქვეყანა თითქმის ორი თვის განმავლობაში მოიცვა. გასულ თვეში საფრანგეთის 10-წლიანი სესხების განაკვეთმა 5%-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 24 წლის რეკორდული მაჩვენებელია.
მონპელიეს პროგნოზით, 2026 წლის განმავლობაში საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს, მაშინ როცა საინვესტიციო ბანკები, მათ შორის Morgan Stanley, დიდ ბრიტანეთში 1.6%-იან ზრდას ელოდებიან. გერმანიასა და ბრიტანეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე, საფრანგეთის შენელება განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
„2027 წლის პერსპექტივა კვლავ ძალიან პირქუშია. გასული წლის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 94 400 სამუშაო ადგილით შემცირდა. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა კერძო სექტორში, სადაც იმავე პერიოდში 109 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა“, - აღნიშნა მონპელიემ.
მისივე თქმით, შრომის ბაზრის შესუსტება სულ უფრო მეტად იმოქმედებს შინამეურნეობების განწყობაზე, შემოსავლებსა და მოხმარებაზე, ხოლო დაფინანსების პირობები კვლავ რთული რჩება სამომავლო გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების ირგვლივ არსებული მაღალი გაურკვევლობის გამო.
წელს საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, მშპ-ს 5.5%-ს მიაღწევს, რაც ევროზონაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, ქვეყნის კონსტიტუციაში ხარჯების მკაცრი რეგულაციები შეიტანოს მანამ, სანამ მომავალი წლის მაისში, აპრილის ბოლოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თანამდებობას დატოვებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ულტრამემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს. მისი რეიტინგი დაახლოებით ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონის მაჩვენებელს. თუმცა, საფრანგეთის ორტურიანი საარჩევნო სისტემის გამო, საბოლოო შედეგების წინასწარ განსაზღვრა რთულია.
მონპელიეს შეფასებით, ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლა სუსტი ეკონომიკის ფონზე მოუწევთ: „რთულია ისეთი მამოძრავებელი ძალის დანახვა, რომელიც მომდევნო რამდენიმე კვარტალში შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვან აღდგენას შეძლებს. საფრანგეთი მომავალ წელს ეკონომიკური იმპულსის გარეშე შეხვდება. კვარტალური ზრდა ოდნავ დადებით ნიშნულს რომც დაუბრუნდეს, ეს მყარი წლიური ზრდისთვის საკმარისი არ იქნება. ველოდებით, რომ 2027 წელს მშპ საშუალოდ მხოლოდ 0.4%-ით გაიზრდება, თუმცა რისკები კვლავ კლებისკენაა მიმართული“.
