აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში ირანის საზღვაო ბლოკადის დარღვევის მცდელობისას კომერციული გემი შეაჩერეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ომანის ყურეში კომერციული გემი შეაჩერეს.
გემის ეკიპაჟი, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გვერდის ავლას ცდილობდა.
CENTCOM-ის ცნობით, ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს M/V Pacific Archer-ს უკანა ნაწილში დაარტყა. შედეგად, გემის ძრავები მწყობრიდან გამოვიდა. სარდლობის განცხადებით, სამოქალაქო ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემი რეგიონულ წყლებში გადაადგილებას ირანის პორტ ბენდერ-აბასიდან გასვლის შემდეგ ცდილობდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკული ძალები საზღვაო ბლოკადის აღსრულებას მკაცრად აგრძელებენ. ამ დროისთვის მათ 158 კომერციული გემი უკან გააბრუნეს, ხოლო ექვსი გემის გადაადგილება ძალის გამოყენებით შეაჩერეს, რადგან ისინი მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ.
CENTCOM-ი ომანის ყურეში და ჰორმუზის სრუტის მისადგომებთან მცურავ ყველა გემს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ამერიკული ძალების მიერ ბლოკადის შესახებ გაცემული გაფრთხილებები.
